ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" კოალიციის ფორმატი მნიშნელოვანია, რადგან ეს არის ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მსოფხედველობის პარტიებს აერთიანებს.
ვიცე-პრემიერის თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" "ორპარტიული შეთანხმების" დადებას უკავშირდება, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა.
"ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დღეს, ვრცლად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველაფერი არის ნათელი. ნამდვილად არ მიმდინარეობს არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის. თქვენ იცით, რომ ზოგადად, კოალიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ის ჯგუფი, რომელშიც შეიკრიბა სხვადასხვა მსოფმხედველობის პარტიები. ჩვენ გვახსოვს ეს გუნდი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეიკრიბა. მაშინ, მთავარი მისია და ამოცანა იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება. მოვახერხეთ, გავაკეთეთ და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი დამსახურებაცაა", - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კალაძის თქმით, მიესალმება, თუ კოალიციაში ერთობა იქნება.
"რა თქმა უნდა, სასაუბრო იქნება, თუ როგორ წარვსდგებით. ყველა პარტიას თავისი ხედვა აქვს. ეს ერთიან კონტექსტში პრემიერ-მინისტრთან გასავლელი თემა იქნება. ყველა პარტიასთან იქნება შეხვედრა. როგორც "რესპუბლიკურ პარტიასთან", ასევე, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. ეს ნორმალური პროცესია. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რევოლუციებით, გადატრიალებებით არ მოხდება. არის ცივილიზებული გზა არჩევნების სახით და ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, პარტიას, აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, გააცნოს მოსახლეობას, რომელიც არჩვენების გზით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფალი", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" ამოცანა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკება იყო, რომელი წარმატებით განხორციელდა. "რესპუბლიკელებს" სურთ ორპარტიული შეთანხმების გაფორმება, რაზეც მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი "რესპუბლიკელებს" მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა. მანამდე, კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც კოალიციაში შემავალ დაპირისპირებულ სუბიექტებს სადაო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა.