შეიტანა ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" მარიხუანას მოხმარებისთვის მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით პოლიტიკურმა ორგანზიაციამ კონსტიტუციური სარჩელი დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა.
როგორც "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, "გირჩი" სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რაც კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებთან წინააღმდეგობაში მოდის.
"გასაჩივრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლებთან. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებას. გასაჩივრებულია იმის გამო, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანის სისხლის სამართლის დამნაშავედ შერაცხვა ეწინააღმდეგება მის ღირსებასაც. ადამიანი არ შეიძლება ჩავთვალოთ დამნაშავედ მარიხუანას მოწევის გამო. ის არ არის საზოგადოებისთვის საშიში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ქმედება, რომელიც სხვას არ აყენებს ზიანს. დააკავო ადამიანი იმის გამო, რომ საკუთარ თავს აყენებს ზიანს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ეს შედეგი შესაძლოა, ბევრჯერ დადგეს. მაგალითად, თვითმკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ, არც აჯარიმებენ და არც იჭერენ", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
"გირჩის" წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამეტმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო.