პარლამენტი პირველი მოსმენით საბავშვო ბაღების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს იხილავს.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს სპეციალური კანონი დაარეგულირებს, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა - ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ოთარ ჩრდილელმა წარუდგინეს.
როგორც დღეს ეკა ბესელიამ სესიაზე განაცხადა, იწყება სერიოზული და მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებულია და მოსაწონია ყველა მხარისთვის.
სადღეისოდ ერთიანი სამართლებრივი აქტი არ არსებობს, რომელიც უშუალოდ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დაარეგულირებდა. არსებობს მხოლოდ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ჩანაწერი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს შორის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა არის განსაზღვრული.
რაც შეეხება პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, როგორც ავტორები განმარტავენ, პროექტში თავმოყრილია ყველა ძირითადი სტანდარტი, რომლებმაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფერო უნდა დაარეგულიროს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: - ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტი ნერგავს საყოველთაო სასკოლო მზაობის პროგრამას ყველა ხუთი წლის ასაკის ბავშვისათვის.
კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას ყველა ბავშვისათვის ანუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა.
კანონპროექტის ერთ-ერთი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა ჩართვა. ამ მიზნით ადრეული და სკოლამდებლი განათლების დაწესებულებებში საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება, რომლის 7 წევრიდან 5 – მშობელი, ორი კი, დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი იქნება.
პროექტით საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება შემდეგი საკითხები: ჯგუფების ჩამოყალიბების წესი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა.
კანონპროექტი მკაფიოდ მიჯნავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებს, დეტალურად განსაზღვრავს ამ სფეროში მთავრობის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციის ფარგლებს.
კანონპროექტით ასევე ხდება ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავალდებულო წესის შემოღება. ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს. ავტორიზაციის წესს კი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტისათვის საერთო იქნება, მთავრობა განსაზღვრავს.