მუსლიმი თემის წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. მორწმუნეებს მთავრობის მიმართ სამი მოთხოვნა აქვთ. აქციაზე მყოფი 300-მდე მუსლიმი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფას, ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის გახსნისთვის ნებართვასა და ადიგენის ინცინდენტის გამოძიებას ითხოვს.
როგორც მუფთი ახმედ კახიძე აღნიშნავს, დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანს უფლება აქვს ილოცოს, ისწავლოს და ისე დაიმარხოს, როგორც მის რელიგიას შეესაბამება.
"თუ ვერ ვილოცე და ვიცხოვრე ისე, როგორც ჩემი რელიგია მოითხოვს, მერე კი თუ ვერ დამკრძალეს როგორც ეს ისლამშია მიღებული, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ სიცოცხლეს. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ქვეყანაა. მუჰამედ შუამავალი ბრძანებს, რომ სამშობლოს დაცვა რწმენის უმთავრესი პირობაა. მე ამ სადარაჯოზე ვდგავარ ფხიზლად, მაგრამ ჩვენი მთავრობა თავისი საქციელით ამბობს - არ ილოცო, არ ისწავლო და არ დაიმარხო, რასაც ჩვენ სულ გავაპროტესტებთ", - აღნიშნა ახმედ კახაძემ.
მუსლიმთა მრევლის წარმომადგენლის ასლან აბაშიძის განცხადებით, მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს დასახელმწიფო უწყებებს ნებართვის გასაცემად საკმარისი დრო ჰქონდა.
"ყველა სახელმწიფო უწყებაში გვაქვს განცხადებები დატოვებული, მეჩეთის მშენებლობის ნებართვისა და ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით. ყველა ლიმიტი ამოწურულია, გასულია საკმარისი დრო და ველოდებით პასუხს. ჩვენ დემოკრატიულ ჩარჩოებში პერმანენტულ აქციებსაც არ მოვერიდებით", - აღნიშნა ასლან აბაშიძემ.
როგორც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუკი მთავრობას რეაგირება არ ექნება, სხვა დემოკრატიული გზებით შეეცდებიან მათი უფლებების დაცვას.
"ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს შევახსენოთ ის მოთხოვნები და ის პრობლემები, რომელიც გვაქვს. ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის მოგვარება უნდა დადგეს დღის წესრიგში, ტერიტორია უნდა გამოგვიყონ და მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვები მოგვცენ. ასევე ვითხოვთ, ადიგენში მომხდარი ინცინდენტის სამართლებრივად გამოძებასა და დამნაშავეების დასჯას. მესამე მოთხოვნა კი ქობულეთში ღორისთავმიკრული პანსიონის ფუნქციონირებისთვის ნებართვაა, პარასკევის ლოცვის შემდეგ გადავწყვიტეთ აქ მოვსულიყავით და მთავრობის წარმომადგენლებისთვის შეგვეხსენებინა კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს არ შეხვედრიან. მთავრობის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდება თუ არა კომენტარი მედიისთვის.