საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ძირითადად ცნობადი სახეები ფიგურირებენ და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიცვალოს და შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებით გამდიდრდეს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას "ექსპო ჯორჯიაში" განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს სწორედ ამ ბიზნესის განვითარებაზე.
"მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მსხვილ ბიზნესთან. ის უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მაგრამ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ძირითადად ცნობადი სახეები ფიგურირებენ, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს და შეხვედრები უნდა გამდიდრდეს საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებით. მცირე ბიზნესი სწორედ ის ძალაა, რომელიც ყველაზე მეტი დინამიკის და დასაქმების ყველაზე მეტი მაჩვენებელით ხასიათდება და ეს ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ პრობლემატიკას, რაც დღეს არსებობს.
"დღეს აქ მოვედით, რათა ღიად, აბსოლუტურად გულწრფელად ვისაუბროთ იმ საკითხებზე და პრობლემებზე, რომელთა გადაჭრასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს მცირე და საშუალო სექტორისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.