ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერის გია ვოლსკის განმარტებით, პარტია "ქართულ ოცნებასა" და ,,რესპუბლიკელებს" შორის ორმხრივ შეთანხმებაზე კონსულტაციები თბილისში გაიმართება.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმების დეტალები მისთვის უცნობია.
"შემოთავაზება საინტერესოა, თუმცა მე პირადად მისი დეტალები არ ვიცი, არც ჩემმა გუნდის წევრებმა. ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები გვექნება თბილისში. ჯერჯერობით შეთანხმება არ დადებულა და სანამ არ დაიდება, იქამდე დეტალებზე ვერ გესაუბრებით, თუმცა კოალიციის გამყარება ყოველთვის ეფუძნება ურთიერთკომპრომისს, ურთიერთდათმობას და შესაფასებელია, სადამდე შეიძლება იყოს კომპრომისი დაშვებული და საერთოდ, კომპრომისის საჭიროების საკითხზეც არ გვისაუბრია სიღრმისეულად", -განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და ხათუნა სამნიძემ მედიასთან განაცხადეს, რომ "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორმხრივი პარტიული, სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება.