საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარს" შორის ხელი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა.
უფრო კონკრეტულად, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს.
დღესვე, "გაზისა და ნავთობის კორპორაციის" დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის" ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს "ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ" - "კორპორაციას" და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს" შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.
ასევე, ხელი მოეწერა "ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე" "არნსკ"-ს და "კორპორაციას" შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.
ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.
"საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.
გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.
2012 წელთან შედარებით საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40 %ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა", - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.