ამ წუთაში მთავრობაში არანაირ ცვლილებებს არ ველოდები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ რაიმე არ მოხდება, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, სოზარ სუბარის თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა.
"პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მთავრობის გუნდური პოზიცია, რადგან მთავრობა არის ერთიანი გუნდი. მართალია, თითოეული მინისტრი თავის უწყებას ხელმძღვანელობს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად, მთავრობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი ზუსტად და დეტალურად იყოს ინფორმირებული იმაში, თუ რა ხდება სხვა სამინისტროებში და გუნდურად ვიღებდეთ პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე", - განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება კოალიცია "ქართული ოცნების" ერთობის შესახებ დასმულ შეკითხვას, მინისტრის თქმით, კოალიცია ერთიანია, მაგრამ თუ რაიმე ცვლილება მოხდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
"რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავა კოალიცია არჩევნებზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ ვართ კოალიცია და თითოეული გადაწყვეტილება იქნება კოალიციური, ერთიანად მივდივართ, მაგრამ თუ რამე ცვლილება მოხდა, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ამასწინათ ნახევრად ხუმრობით ვთქვი კიდეც, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა და ბოლოს და ბოლოს ერთა ლიგა დაიშალა", - განაცხადა სუბარმა.
ამასთან, დევნილთა მინისტრი მთავრობაში ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ ელოდება.
"ამ წუთაში არანაირ ცვლილებებს არ ველოდები, არ იგეგმება, თუმცა ის, რომ მე არ ველოდები ან არ არის დაგეგმილი, არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ რამე არ მოხდება. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს. ცვლილება და განახლება მუდმივი და კარგი პროცესია. ეს არის საჭირო არა მხოლოდ გუნდისთვის, კოალიციისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთის, რომ მან თავისი ცხოვრების გაგრძელების სხვა ახალი გზა იპოვოს", - განაცხადა სუბარმა.