საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს პერიოდში წარადგენს.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არანაირი კითხვა დღეს საქართველოს რეფორმების წარმატებებთან დაკავშირებით არ არსებობს, ასევე არ არსებობს კითხვები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
"საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ კომისია წარადგნეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება მისი განხილვა, რომელსაც სჭირდება საბჭოს გადაწყვეტილება, ევროკავშირის პარლამენტის გადაწყვეტილება და ასევე წევრი ქვეყნების თანხმობა. გადაწყდა, რომ ეს მომხდებოდა მიმდინარე კვირეებში, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს დღეებში განხორციელდება", - განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ პროცესი მეორე დღეს დასრულდება.
"ამ განხილვებმა შეიძლება გასტანოს რამდენიმე თვე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და შესაბამისად, მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ, მეორე დღესვე მოხდება ვიზალიბერალიზაცია. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი და საქართველოს მზადყოფნისადმი, იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის უვიზო მიმოსვლის და ურთიერთობების კუთხით, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც საბჭოს მიერ მიღებული იქნება მოკლე ვადებში.
ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში მოხდება საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.