შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განუცხადა.
გვენეტაძეს გიორგი მიქაუტაძის მიმართ შენიშვნები არ აქვს.
"მთელ სასამართლოს გიორგი მიქაუტაძის მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება", - განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება მიქაუტაძესთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ბრალდებებს, ნინო გვენეტაძის განცხადებით, ეს საკითხი გადაწყვეტილია და რაიმე ბრალეულობა არ იკვეთება.
გვენეტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი შეჩერებულიყო. მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულმა განჩინებამ მოხსნა იმის საფუძველი, რასაც არასამთავრობოთა კოალიცია ითხოვდა.