ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში, ვილნიუსში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, არჩილ ყარაულაშვილმა საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენციაში - "ევროკავშირის გლობალური სტრატეგია: აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპულ უსაფრთხოებაში" მიიღო მონაწილეობა.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენცია მიმდინარეობს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" I პლატფორმის - დემოკრატია, კარგი მმართველობა, სტაბილურობა, ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) პანელის ფარგლებში. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: "როგორია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი? რა როლი შეიძლება მიენიჭოს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას (CSDP), როგორც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან უფრო ფართო ასოცირების ნაწილს?".