ალექსი პეტრიაშვილს დღეს აღარ დაკითხავენ

ალექსი პეტრიაშვილს დღეს აღარ დაკითხავენ

ალექსი პეტრიაშვილს საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები დღეს აღარ დაკითხავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.

ლევან სამუშიას თქმით, პეტრიაშვილის დასაკითხად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, თუმცა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმმა საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს ნება არ დართო დაკითხვის წარმოების.

"თვითონ ბატონი ალექსიც მონდომებულია, რომ ჩვენება მისცეს გამოძიებას და დაკითხონ, მაგრამ გადამწყვეტი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად ბატონი ალექსის სურვილისა, ექიმმა არც მას და არც საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს არ მისცა ნება ეწარმოებინათ დაკითხვა, რადგან იგი არ იქნებოდა ხანმოკლე და სავარაუდოდ, ხვალისთვის შედგება. ექიმმა განმარტა, რომ გარკვეული სამედიცინო გამოკვლევებია საჭირო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა დაკითხვა. ამ შემთხვევაში მთავარი და გადამწყვეტი ექიმის სიტყვა არის", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა ალექსი პეტრიაშვილის დნმ-ის დასადგენად სისხლის ანალიზი აიღეს, ასევე სხვა კვლევების ჩასატარებლად. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და სურვილი აქვს, გამოძიებას ხელი შეუწყოს.

"თუ გამოძიების მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ვერ დავინახავთ, ჩვენ, ჩვენს რეაქციას არ დავაყოვნებთ", - განაცხადა ლევან სამუშიამ.