Wall Street Journal : ქართული ღვინის სადღეგრძელო

Wall Street Journal : ქართული ღვინის სადღეგრძელო

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal სტატიას უძღვნის ქართული ღვინის შესახებ,  ბიომეღვინეობის ექსპერტის ელის ფაირინგის ახალ წიგნს სახელწოდებით „ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის კულტურაში“

გამოცემა აღნიშნავს, რომ წიგნში ასევე  გამოქვეყნებულია  იმ ქართული კერძების რეცეპტები, რომლებიც ქალბატონმა ფაირინგმა საქართველოში მოგზაურობისას დააგემოვნა.

ბიომეღვნეობის ექსპერტი ელის ფაირინგი არც საქმეს უფრთხის და არც ემოციების შენიღბვა უცდია ოდესმე. ნიუ-იორკის მკვიდრი ექსპერტის ეს ორივე თვისება სავსებით გამომაჟღავნდა საქართველოში, რომელიც წარსულში რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა და ბევრი შემოსევა აქვს გადატანილი.

ქალბატონი ფაირინგის ბოლო წიგნი „ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის კულტურაში“ არის ნაწილობრივ ქართული ღვინის გზამკვლევი, ნაწილობრივ პოლემიკური ნაშრომი მეღვინეობის შესახებ და ნაწილობრივ მეგზური ქალბატონი ფაირინგის გულისკენ მიმავალ გზაზე.

პოტომაკ ბუკსის (ნებრასკის უნივერსიტეტის გამომცემლობის განყოფილება) მიერ ამ წიგნის გამოცემამდე ერთი დღით ადრე,  მე შევხვდი ქალბატონ ფაირინგს ბარ „ანფორაში“ და ვესაუბრე წიგნის შესახებ. „ანფორა“ არის ნიუ-იორკში არსებული ქართული ღვინის რამდენიმე ცენტრიდან ერთ-ერთი, სადაც საოცრად ფართო ასორტიმენტს სთავაზობს სტუმრებს. „ანფორის“ ერთ-ერთი კლიენტი, ღვინის მოყვარული დევიდ ფოსი ამბობს, რომ ბარში ხშირად დადის „ღვინის დამფასებელთა ჯგუფი“ მხოლოდ იმისთვის, რომ ქართული ღვინო დააჭაშნიკოს.

აქ კი ბატონმა ფოსმა და ქალბატონმა ფაირინგმა გააბეს ჭიკჭიკი ქართული ღვინოების შესახებ. მაცერაციის გზით მიღებულ თეთრზე მეუბნებით (ფორთოხლისფერ ღვინოს რომ უწოდებენ)? 13 წლის მოვარდისფრო ღვინო a rosé-ს გულისხმობთ თუ ოქსიდირების გზით საგანგებოდ დაძველებულ თეთრს? ისინი ხალისით ისვრიან ვაზის ჯიშების უცნობ სახელებს („საფერავი“, „ჩინური“ და „ოჯალეში“, რომელიც ქალბატონმა ფაირინგმა დაახასიათა, როგორც „საქართველოს შემდეგი სენსაცია“).

ფაირინგის წიგნში აღწერილ ღვინოთაგან ძალიან დამაინტერესა „ცხენის ძუძუს“ თეთრმა. „ ანფორას“ თუ აქვს მენიუში? არა. რამდენადაც ქალბატონი ფაირინგისთვის არის ცნობილი, მთელ საქართველოში „ცხენის ძუძუს“ მხოლოდ ერთი კომერციული მწარმოებელი არსებობს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქალბატონმა ფაირინგმა შვიდჯერ იმოგზაურა საქართველოში. პირველი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2011 წელს, ის სიტყვით გამოვიდა ალავერდის მონასტერში ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ქვევრი“. ქვევრი, ღვინის დასამზადებელი თიხის დიდი ჭურჭელი, რომელსაც ხშირად მიწაში მარხავდნენ, იყო ქართული მეღვინეობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, სანამ საბჭოთა ეპოქაში აქცენტი არ გაკეთდა მასობრივ ბაზარზე, კომერციულ ღვინოზე, რომელიც, როგორც წესი, ცისტერნებში მზადდებოდა. დღეს კი ჩვენ ვართ ქვევრის აღორძინების მოწმენი, რომელიც, როგორც ქალბატონი ფაირინგის წიგნი გვამცნობს, იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის საიაში შეიტანა. 

საქართველოში ქალბატონ ფაირინგს ხშირად ახლავს ენაწყლიანი მეგობარი და „ხოხბის ცრემლების“ მფლობელი ჯონ ვურდემანი, რომელმაც ფაირინგს მრავალი დაუვიწყარი ქართული ღვინო და მეღვინე გააცნო.

მოგზაურობისას ქალბატონი ფაირინგი დიდ დროს უთმობს კარგი სამზარეულოსა და დახვეწილი ღვინის დაგემოვნებას. როგორც ჩანს, ქართველებს არ შეუძლიათ სტუმრის მიღება მრავალსაათიანი სუფრისა და სადღეგრძელოების გარეშე. „ძლაინ ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ძალიან კარგად კი იკვებებიან“, - აღნიშნავს ქალბატონი ფაირინგი.

წიგნში მოცემულია ბევრი კერძის რეცეპტი, რომლებიც ქალბატონმა ფაირინგმა დააგემოვნა, ხაჭაპურის ჩათვლით (პური ყველის შიგთავსით, რომელსაც ყველა „ყოველთვის მიირთმევს“). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ინგრედიენტი (მაგალითად, უცხო სუნელი) ნიუ-იორკში რთული საპოვნელია. „შეგიძლიათ, ზაფრანათი ჩაანაცვლოთ“, - გვირჩევს ფაირინგი „ხოხბის ცრემლების“ 2013 წლის „ ჩინურით“ სავსე ჭიქით ხელში („ანფორაში“ აქვთ ბატონი ვურდემანის მიერ ჩამოტანილი ღვინოებიც).

ქალბატონ ფაირინგზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქართული მეღვინეობის „ალტრუიზმმა“. მისივე ვარაუდით, ეს მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ქართველები ღრმად მორწმუნე ერია. მეღვინეთა უმრავლესობა, რომელთაც ის შეხვდა, მიზნად ისახავს არა გამდიდრებას, არამედ ოჯახის სარჩენად საკმარისის მოპოვებას.

მართალია, ქალბატონი ფაირინგის სიყვარული ქართული ღვინისა და მეღვინეობისადმი აშკარაა, წიგნის მეორე ნაწილში კიდევ უფრო მტკიცე კავშირის შესახებ ვკითხულობთ.

იმ დროს, როცა ქალბატონი ფაირინგი ქართული ღვინის ლაზათის შესახებ აღმოჩენებს აკეთებდა, მისი ძმა ენდრიუ კიბოთი კვდებოდა. ავტორი აღიარებს, რომ განიხილავდა წიგნიდან ენდრიუს ისტორიის ამოღების საკითხს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დატოვა, რადგანაც დაინახა პარალელები თავისი ძმის გასაჭირსა და მისი საყვარელი ქართველი მეღვინეების გასაჭირს შორის.

ენდრიუ ფაირინგი გარდაიცვალა წიგნის დასრულებამდე. ის ნამდვილად იამაყებდა თავისი დის მიერ ქართული მეღვინეობის კულტურისა და ცხოვრების წესის აღმოჩენით და ამით გამოწვეული უდიდესი სიხარულით.

http://www.wsj.com/articles/a-toast-to-georgian-wine-1456881057