მეუფე თეოდორე - ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას

მეუფე თეოდორე - ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას

არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება უნდა იყოს გამოძიებული, არამედ გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც ასეთი დაპირისპირება გამოიწვია, _ ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში ადიგენის ფაქტთან დაკავშირებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა.

მღვდელმთავარი 29 თებერვალს მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. კერძოდ, მუსლიმი მოსახლეობის მიერ ცალკე სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნას. მეუფე თეოდორეს თქმით, ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას. მღვდელმთავარმა საუბრისას აღნიშნა, რომ ეკლესია არ ყოფილა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. 

"მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, რომ ცალკე სასაფლაო გამოყოფილიყო და ამაზე მიდიოდა დიალოგი, კამათი. როგორც ვიცი, ეს გარკვეული ხანია გრძელდება. თითქოს მიღწეული იყო შეთანხმებები და გარკვეული თანხმობაზე იყვნენ გასული. მაგრამ გუშინ არ ვიცი ვინ, მაგრამ გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა მოახდინეს პროვოკაცია და ამ პროვოკაციის შედეგად მოხდა დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა ეს და მინდა მოვუწოდო, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს. ვიცი, რომ საქმეა აღძრული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა მივმართო, არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება უნდა იყოს გამოძიებული, არამედ გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირება, რადგან ჩვენ შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და მსგავსი ვითარება", _ განაცხადა მეუფე თეოდორემ. 
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა როგორც მუსლიმ, ისე მართლმადიდებელ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა განიმუხტოს სიტუაცია. მან მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას, დაწყნარდნენ, დაბრუნდნენ სახლებში და დაუბრუნდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. მიტროპოლიტმა კონფლიქტის მოგვარების გზებზეც ისაუბრა. 

"გამოვარჩიოთ სოფლის როგორც მართლმადიდებელი მოსახლეობიდან, ასევე მუსლიმი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი, ჩავერთვებით ჩვენ, ეპარქიის წარმომადგენლობა, ჩაერთოს სამუფტო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები დავსხდეთ ერთად და მშვიდ და წყნარ ვითარებაში შევეცადოთ მოვძებნოთ გამოსავალი და მაქსიმალურად შევეცადოთ არ მივცეთ პროვოკატორებს იმის საშუალება, რომ დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. 

ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს მუსლიმური მრევლის წინამძღვრებთან, მუფტებთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხში. ვესაუბრე ჯავახეთის მუფტს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, რაღაცნაირად სიმშვიდე შევიტანოთ სოფლის მოსახლეობაში", _ აღნიშნა მეუფე თეოდორემ.