"ფორბსის" 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა

"ფორბსის" 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა და წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი შვიდი პოზიციით დაქვეითდა, - აღნიშნულ ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

2016 წლის რეიტინგის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერებს შორის 298-ე პოზიციაზეა 4,8 მილიარდი დოლარის ქონებით. გასული წლის რეიტინგში ბიძინა ივნიშვილი 5,2 მილიარდი დოლარით 291-ე ადგილს იკავებდა.

"ფორბსის" თანახმად, ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს ნომერ პირველ მილიარდერად რჩება. "2015 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილმა რეკორდულ თანხად - 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით", მოგვიანებით კი ნახატი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. მისი შვილის ბერას თანადგომით საქართველოში ახალი სატელევიზიო შოუ "2030" დაიწყო, რომელშიც თავად ივანიშვილი ხშირად ჩნდება", - აღნიშნავს "ფორბსი".

საერთო ჯამში, "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 1 826-დან 1810-მდე შემცირდა და მათი ქონება მთლიანობაში 6,48 ტრილიონ დოლარს შეადგებს, რაც 570 მილიონი დოლარით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

მსოფლიოს ყველზე მდიდარი ადამიანი კვლავ ბილ გეიტსია, რომლის ქონებაც 75 მილიარდი დოლარია. პირველი ხუთეულში ასევე არიან ამანსიო ორტეგა - 67 მილიარდი დოლარი, უორფენ ბაფეტი - 60,8 მილიარდი დოლარი, კარლოს სლიმი - 50 მილიარდი დოლარი და ჯეფ ბეზოსი - 45,2 მილიარდი დოლარი.