ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ბერლინს უკრძალავს, დაადგინოს ადგილები, სადაც ლტოლვილებმა უნდა იცხოვრონ. როგორც euronews.ge Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.
გამოცემის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებით "ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ მერკელის საემიგრაციო პოლიტიკა დაასამარა".
"ეს გადაწყვეტილება ბოლო ლურსმნის ეფექტს იქონიებს ანგელა მერკელის საემიგრაციო პოლიტიკაზე", - წერს გამოცემა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლტოლვილებს, რომელთაც მიღებული აქვთ სუბსიდიარული დაცვა (ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით არსებული სტატუსი) უფლება აქვთ თავისუფლად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. "გერმანიის მხარე მერკელის საემიგრაციო პოლიტიკით განსაზღვრულ ლტოლვილთა განაწილების გეგმას, მიგრანტებისათვის გასაწევი დახმარების პროპორციულად გადანაწილების მოთხოვნით ხსნიდა, თუმცა ეს არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა. ევროკავშირის წესები გამორიცხავს მსგავსი შეზღუდვების დაწესებას, იმის მიუხედავად, თუ რა ტიპის პროპორციულ დისტრიბუციაზე შეიძლება იყოს საუბარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება დომინოს ეფექტს იქონიებს სხვა ევროპულ ქვეყნებზე, რადგან მათაც მიღებული აქვთ ლტოლვილთა კომპაქტურად ჩასახლების გადაწყვეტილებები, ხოლო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრისთვის, ასეთი აკრძალვა საზღვრების მთლიანად ჩაკეტვას გამოიწვევს, რაც შენგენის ზონისთვის კატასტროფა იქნება", - აღნიშნავს euronews.ge Financial Times-ზე დაყრდნობით.