ეკონომიკის სამინისტრო პროგრამის

ეკონომიკის სამინისტრო პროგრამის "უმასპინძლე საქართველოში" დეტალებს განმარტავს

ეკონომიკის სამინისტრო პროგრამის "უმასპინძლე საქართველოში" დეტალებს განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ახალი კომპონენტის "უმასპინძლე საქართველოში" დეტალებს განმარტავს.

ახალი კომპონენტის "უმასპინძლე საქართველოში" დეტალური სქემა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს დღეს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

მისი განცხადებით, აღნიშნული კომპონენტის დახმარებით, იმ კომპანიებს, რომელთაც უნდათ სასტუმროების განვითარება, შეეძლებათ, მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსება პირველი ორი წლის განმავლობაში, ასევე თანაუზრუნველყოფა სესხის 50%-ის ოდენობით.

ვიცე პრემიერის თქმით, აღნიშნული მექანიზმი მეწარმისთვის შესაძლებელს ხდის ისარგებლოს ბიზნესისთვის აუცილებელი შეღავათიანი საკრედიტო რესურსით და ბანკების მხრიდან უზრუნველყოფის ნაწილში ამცირებს პროექტის შეფასების რისკებს, რითაც მეწარმეს კომერციული ბანკის სესხის მიღების პროცესს უფრო უადვილებს.

ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წლის ორი თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით საქართველოში 16 %-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.

მისივე თქმით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7%-ს შეადგენს, ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული დასაქმების წილი საერთო სამუშაო ადგილების რიცხვის დაახლოებით, 11 %-ს უტოლდება. მისი განცხადებით, 300 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმებულია ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

ვიცე პრემიერის ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი ტურისტული მომსახურებების ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2009-2014 წლების შუალედში ტურიზმის ექსპორტის საშუალო ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ტურიზმი ცალსახად წარმოადგენს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს.

თავის პრეზენტაციაში ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც 2025 წლამდეა გაწერილი და კონკრეტული შედეგების მიღწევას ისახავს მიზანს.

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ემსახურება საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვას.

პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენ - სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას ლარში გაცემულ სესხზე; სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას პირველი 4 წლის განმავლობაში; საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ("ფრენჩაიზინგის"/მენეჯმენტ კონტრაქტის) ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსებას პირველი 2 წლის განმავლობაში.

უწყების ცნობით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება მეორე მიმართულებაა, რომელიც პროგრამას "აწარმოე საქართველოში" დაემატა, უკვე დამტკიცებულია კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჩართვისთვის მინიმალურმა ზღვარმა 150 000 აშშ დოლარიდან 75 000 აშშ დოლარამდე დაიწია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 150-ზე მეტ საწარმოს, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 370 მილიონი ლარია.