პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგო ჩაპლიგინის მიმართ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით პროკურატურამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლოს სამი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, უტყუარად დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი დაკავებული იყვნენ უკანონოდ გამოგონილი ,,ჯაშუშობის" ბრალდებით. შესაბამისად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები წამოიწყო. კერძოდ, სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა მისი გარდაცვალების, არამედ მარეაბილიტირებელი საფუძვლით - მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, ხოლო მსჯავრდებულების: გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგო ჩაპლიგინის მიმართ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, მთავარ პროკურატურაში მიწვეული იყო გარდაცვლილ სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე, რომელსაც მისი მეუღლის რეაბილიტაციის მიზნით საგამოძიებო უწყების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა.