შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება წინ მიდის და დამნაშავეები დაუსჯელი არ დარჩებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ გამოძიება წინ მიდის და ეს საქმე არ დარჩება დამნაშავეების დაუსჯელად. კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფი გამოძიება, ვინაიდან ეს ისევე მოქმედებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, როგორც ქვეყნის გარეთ არსებულ მდგომარეობაზე. არ დარჩენილა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი, ვინც არ დაინტერესდა ბუკას მდგომარეობით და გამოძიების მიმდინარეობით. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ შსს იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს, რომ გამოძიება სწრაფად იქნეს წარმართული, ასევე გამოძიებაში მონაწილეობენ სხვა სამართალდამცავი სტრუქტურებიც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.