გასაუბრების დროს საია-ს თავმჯდომარემ და "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ აჩვენეს არაობიექტურობის და მიკერძოებულობის მწვერვალი, - ამის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ევა გოცირიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსის შეფასებაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ის რომ მან ლევან მურუსიძის დანიშვნას მხარი დაუჭირა, არ ნიშნავს იმას, რომ მან საქართველოს კანონმდებლობა ან ევროპული კონვენცია არ იცის.
"ამ გასაუბრების დროს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ და "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ არა თუ ხელოვნურად შეამცირეს ის ქულები, რაც მეკუთვნოდა, არამედ აჩვენეს არაობიექტურობის და მიუკერძოებლობის მწვერვალი. მთელი ეს პროცედურა, კითხვა-პასუხის პროცესი არის ჩაწერილი და ყველას ვურჩევდი მოესმინა და თავად გამოეტანა დასკვნა იმის შესახებ ვინ შემაფასა ობიექტურად და ვინ არა. მე მაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზია ამასთან დაკავშირებითმ, რადგან ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც იყო ჩემს მიმართ იმის გამო, რომ ლევან მურუსიძეს დავუჭირე მხარი, არ ნიშნავს იმას, რომ არ მაქვს ცოდნა ან საქართველოს კანონმდებლობის ან ევროპული კონვენციის და ა.შ. მათ პასუხი უნდა გაეცათ მხოლოდ ჩემი კომპეტენტურობის საკითხზე. ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მურუსიძესთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ ნოლი ან ერთი ქულის დონის ცოდნა მაქვს ქართული კანონმდებლობით ან ევროპული სამართლის, ეს იყო მწვერვალი უსამართლობის. მე მაქვს ამის მერე ძალიან დიდი ეჭვი, როგორ შეიძლება, როდესაც ეს ადამიანები საბჭოს საყვედურობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები შერჩევის დროს არაობიექტურ შეფასებებს იყენებენ, როგორ შეიძლება მათ ამის მერე საბჭოს ან ნებისმიერ სხვა ინსტანციას წაუყენონ რაიმე პრეტენზია ობიექტურობასთან ან მიუკერძოებლობასთან მიმართებაში", - განაცხადა ევა გოცირიძემ.
მისივე თქმით, მურუსიძის საკითხის გარდა მასთან მიმართებაში პრეტენზიები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმ უსაფუძვლო ცილისწამებას, რომელსაც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე მის მიმართ ახორციელებს.
"კითხვები ჰქონდათ სამართლებრივ საკითხებზე და ჩემი პასუხი იყო ძალიან კარგი და მე მომეცა საშუალება ჩემი ცოდნის გამოვლენის. ძალიან მიკვირს როგორ უნდა შეძლონ, რომ ამ პასუხების გათვალისწინებით ჩემთვის დაეწერათ 0 და 1 ქულა", - განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მისივე თქმით, ის არ დასწრებია არც ერთი კანდიდატის გასაუბრებას და არ იცის ვინ როგორი ქულები მიიღო და როგორი პასუხები გასცა. ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ყველა კანდიდატი არის ღირსეული და ყველა მათგანი არის სერიოზული კონკურენტი. ამასთან, გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების იმედი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ის სამ კანდიდატში მოხვდება.
მისი შეფასებით, გასაუბრების პროცესი გამჭვირვალე იყო.