შინაგან საქმეთ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებთან შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.
ვიქტორ დოლძის თქმით, შს მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კვალიფიკაციის შეცვლაში განსაკუთრებული არაფერია და ეს გამოძიების პროცესში გახდება ცნობილი.
ვიქტორ დოლიძემ შს მინისტრს გულისხმიერებისთვის და შეხვედრისთვის მადლობაც გადაუხადა.
"მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი კეთდება და მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ასეც მოხდება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, ვინ შეიძლება იყოს სავარაუდო ეჭვმიტანილი ან რა შეიძლება იყოს მომხდარის მოტივი, დოლიძის თქმით, მინისტრმა აღნიშნულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"ეს ჩემთვის გასაგებია", - აღნიშნა დოლიძემ და ხაზი გაუსვა, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმის გამოძიებას ელოდება როგორც ქართული საზოგადოება, ასევე უცხოელი პარტნიორები.