"უმასპინძლე საქართველოში" ფარგლებში ბიზნესმენები სახელმწიფოსგან ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მიიღებენ

ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი - "უმასპინძლე საქართველოში" სასტუმროების ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული კომპონენტის პრეზენტაცია დღეს, მშენებარე სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" გაიმართა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კომპონენტის დახმარებით იმ კომპანიებს, ბიზნესმენებს, რომლებსაც უნდათ სასტუმროების ბიზნესის განვითარება, შესაძლებობა ექნებათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსება მიიღონ პირველი ორი წლის განმავლობაში, ასევე თანაუზრუნველყოფა სესხის 50%-ის ოდენობით.

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპონენტი ეხება არა მხოლოდ ახალ სასტუმროებს, არამედ იმათაც, რომლებიც დღეს უკვე არსებობს, თუმცა უნდათ გაფართოება. შესაბამისად, ეს იძლევა იმის შესაძლებობას, რომ დღეს არსებულმა ბიზნესმოთამაშეებმა ასევე გააფართოონ და გაზარდონ თავიანთი ბიზნესი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის თანახმად სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასევე საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას და იმ ფრენჩაიზის გადასახადს, რომელიც საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას მოჰყვება ხოლმე პირველი ორი წლის განმავლობაში გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დაფინანსებით. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს ტურიზმი 180 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.

"ეს არის მილიარდ რვაასი მილიონის შემოსავალი ჩვენი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, იმისთვის, რომ ჩვენ ხუთ მილიარდ ხუთასი მილიონს მივაღწიოთ საგადასხდელო ბალანსში შემოსავალს და 330 000 ადამიანზე მეტი გვყავდეს დასაქმებული ტურიზმის დარგში, რა თქმა უნდა ამისთვის ასეთი წამახალისებელი პროგრამები შეიქმნება და ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კომპონენტი არ ვრცელდება ბათუმთან და ქუთაისთან მიმართებაში.

"ერადერთი ბათუმი არის, სადაც ჩვენ დიდი მოთხოვნა გვაქვს ტურიზმის განვითარების და შესაბამისად ამ მიმართთლებით ჩვენ მიწოდებაც გვაქვს და მოთხოვნაც. იგივე სიტუაციაა თბილისში. რაც შეეხება ყველა დანარჩენ მიმართულებას, აქ პროექტი ჩვეულებრივად იმუშავებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.