ექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს პალატაში სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ მომართვის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავცეთ დასკვნა, რომ პეტრიაშვილის დაკითხვა შესაძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, პროფესორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდამცავების მხრიდან არ ყოფილა მომართვა პეტრიაშვილის დაკითხვის შესახებ.
"ჩვენი მხრივ შესაძლებელია პეტრიაშვილი სამართალდამცველებმა დაკითხონ. დღეს მომართვა არ ყოფილა დაკითხვის თაობაზე. სამართლადამცავები ჩვენს დასკვნას ელოდებიან, ჩვენ მზად ვართ, გავცეთ დასკვნა, რომ მისი დაკითხვა შესაძლებელია", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.
რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმის ინფორმაციით, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი გადაყვანა პალატაში სავარაუდოდ დღეს მოხდება.
"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოკვლევების შედეგებიდან, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გადაყვანა პალატაში შესაძლებელია. დაიწყო პაციენტის გააქტიურება, რაც ნიშნავს ფეხზე წამოდგომას, პალატაში აქტიურობას. დღის განმავლობაში ის სავარაუდოდ გადავა პალატაში", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.