"სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სახელის კანონიერად აღიარების ინსტიტუტი შემოდის.
კერძოდ, პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლა ან შესწორება, რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან შესაბამისი ბეჭდით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ კანონიერად იქნება აღიარებული, თუკი დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია 2008 წლამდე და პირი ფლობს შესწორებული, შეცვლილი მონაცემით დაბადების მოწმობას ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს.
აქვე განისაზღვრება მთავრობის ვალდებულება, კანონის ამოქმედების დროისთვის უზრუნველყოს "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანა, სახელის ცვლილების კანონიერად აღიარებისათვის მომსახურების საფასურის ოდენობისა და მომსახურების ვადის განსაზღვრის მიზნით.
"მოქმედი რეგულაციით, სახელის ცვლილება, რომელიც სათანადო წესით დამოწმებული არ არის, კანონიერად არ მიიჩნევა. იმისათვის, რომ პირმა კანონიერად ატაროს სახელი, რომლითაც ფლობს დოკუმენტებს, საჭიროა სახელის შეცვლის პროცედურის განხორციელება, რომლის ვადაც 45 დღეს შეადგენს და მისთვის დაწესებული საფასური 55 ლარია. გარდა ამისა, სახელის შეცვლის შემთხვევაში, უქმდება პირის მიმართ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მოქალაქეს ხელახლა უწევს საფასურის გადახდა ახალი დოკუმენტების მისაღებად. სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების შემთხვევაში კი, პირს აღნიშნული დოკუმენტები აღარ გაუუქმდება და მხოლოდ ერთი სახის წარმოებით, ნაკლები დროისა და ფინანსური რესურსის დანახარჯით დაიკანონებს შესაბამის სახელს", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი გედევან ფოფხაძეა.