საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.

ამის შესახებ გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.

"პირველ რიგში იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოვეხმაურები. ჩვენთვის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია ნებისმიერი ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და სასამართლოს თავმჯდომარეზე, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალოს ან მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ მის ორგანიზაციას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კითხვები არ აქვს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები დიდი ხანია ცნობილია ჩვენთვის, თუმცა მათი სურვილი იყო, რომ ამ კონკრეტულ ფაქტებზე არ გვესაუბრა, ვინაიდან თავადაც არ საუბრობენ ამაზე - მათთვის მიუღებელია საჯარო დისკუსიებში შევიდნენ მთავრობასთან ან იმ ადამიანებთან, რომლებმაც კონკრეტული რამ შეუთვალეს ან პირდაპირ ან არაპირდაპირ ზეწოლას ახორციელებენ. ზეწოლის მაგალითია ის, რაზეც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს. მე მგონია, რომ ამ ფაქტით უნდა დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და სულ ცოტა მოიკვლიონ, დაინტერესდნენ, თუ რა ხდება ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოში", - აღნიშნა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პოლიტიკოსებს ურჩევს, კარგად დაფიქრდნენ განცხადების გაკეთებისას.

"ბევრი განცხადება გვსმენია საკონსტიტუცო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში და არა მარტო ქალბატონი თეა წულუკიანისგან, არამედ სხა პოლიტიკოსებისგანაც. მათ ავიწყდებათ, რომ პრობლემებზე საუბრობდა არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ ძალიან ბევრი ორგანიზაციაც. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივ ჩარჩოში მოიყვანა ის პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა. საკონსტიტუციო სასამართლოზე გახშირებული თავდასხმების შესახებ საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ დასკვნებშიც, მიღებულია რეზოლუციები, ამიტომ ვიდრე განცხადებები გაკეთდება, მნიშვნელოვანია დაფიქრდნენ, თუ რას საუბრობენ და რა შეიძლება ამ განცხადებებმა ქვეყანას მოუტანოს," - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს "მთლიანად პოლიტიზებულად" აფასებს.