თინა ხიდაშელს შეუძლია იცინოს, რამდენიც გაუხარდება, ისევე, როგორც მეც შემიძლია ვიცინო რამდენიც გამიხარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად, "თინა ხიდაშელი მზადაა გამოძიებას ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის ეს საკითხი უკვე სასაცილოა".
"თინა ხიდაშელს შეუძლია იცინოს, რამდენიც გაუხარდება, ისევე, როგორც მეც შემიძლია ვიცინო რამდენიც გამიხარდება. დანარჩენი პროკურატურის საქმეა, და მე ვერ ჩავერევი", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
"ვისაც უნდა დამკითხოს, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე, - ამის შესახებ კრწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია, "ყველა გზავნილი სახეზეა და "გამგები გაიგებს".
რაც შეეხება საჯარო დისკუსიას, ხიდაშელის თქმით, ის ამის შესახებ საუბარს აღარ აპირებს.
"ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათქვამია. ყველა დოკუმენტი და ყველა გზავნილი სახეზეა და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგებს, ვისაც შეუძლია წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, როგორც პირველ კლასში ასწავლიან, ისე გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ იმ დოკუმენტებს მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ ყველასთან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.