"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკური პარტიის" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ყოფნა არის არა თავად "რესპუბლიკელების", არამედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
ნინო ბურჯანაძემ სახელისუფლო კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა, ვინ რა ადგილს დაიკავებს ”ქართულ ოცნებაში”. მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია სრული შემადგენლობით ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
"დღეს მოდაში შემოვიდა, მათ შორის ოპოზიციურ ძალებშიც, რომ აკრიტიკებენ "რესპუბლიკურ პარტიას" და არ აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხდებოდა ყოფილი პრემიერის დროსაც, როდესაც ღარიბაშვილი და ივანიშვილი იყვნენ კარგები, ხოლო "რესპუბლიკელები" ცუდები და ეს ტენდენცია დღესაც ძალიან ნათლად შეინიშნება"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" კოალიციაში ყოფნა არის არა თავად რესპუბლიკელების, არამედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
"ყველაფერი რასაც "რესპუბლიკელები" აკეთებენ, არის არა მათი ბრალი ან დამსახურება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ბრალი და დამსახურება, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით თავად არის ნამდვილი "რესპუბლიკელი" თავისი არსით, მენტალიტეტითა. ის გადაწყვეტილება, რომ "რესპუბლიკური პარტია" თავის დროზე აირჩია კოალიციის საძირკველად, მე მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის "რესპუბლიკური პარტიის" ფარული წევრი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.