სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის სხვდასხვა ღონისძიებების გატარება აუცილებელია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საკითხთან დაკავშირებით, 23 თებერვალს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა.
მათივე ინფორმაციით, წინადადების მომზადებისას სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა ევროპის ათი ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი განახორციელა და მათ მიხედვით მთელი რიგი რეკომენდაციები წარმოადგინა.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მოითხოვს შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი ფუნქციონირების გაუმჯობესებას, მათ შორის, დაწესებულებები აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით, დაემატოს სპეციალური ვერტმფრენი, ძნელად მისასვლელი და მაღალმთიანი რაიონების მომსახურებისთვის; დაინერგოს ერთიანი რეგულაცია კერძო სამედიცინო ტრანსპორტისა და საჯარო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით; ამაღლდეს პერსონალის კვალიფიკაცია და დაინერგოს უწყვეტი განათლების სისტემა; ხელი შეეწყოს ორსულთა პატრონაჟის სისტემის დანერგვასა და საყოველთაო განხორციელებას; გაიზარდოს ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჩვილთა ჯანმრთელობის უფლების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შესახებ; დაინერგოს ერთიანი ელექტრონული ბაზა პაციენტის სამედიცინო ისტორიის დამუშავებისა და შენახვის მიზნით.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროს მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა, თუმცა შემცირების მასშტაბები არ არის დამაკმაყოფილებელი საერთო ევროპულ მაჩვენებელთან მიმართებაში და კვლავ საგანგაშოდ მაღალია. მარტო 2015 წელს 0–დან 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა.
"ბავშვთა სიკვდილიანობის სააგენტოთაშორისი ჯგუფის (IGME) მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლადშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6–ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12–ს. ასევე, მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში, ყოველ ასი ათასზე – 36.
ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო სერვისების გაუმართაობა, ნეონატოლოგების სიმცირე, ორსულთა პატრონაჟის არაადეკვატური სისტემა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე.
განსაკუთრებით მწვავედ ჩანს გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარვეზები, უხარისხო და დაგვიანებული მომსახურება. მაგალითად, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების გამოსავლენად 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობა 1.4-ჯერ აღემატება თბილისში მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობას და თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალშობილების გარდაცვალების ალბათობა, რომელთა წონა 1,500 გრამი ან მასზე ნაკლებია 1.9-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერამდე პერიოდში და 1,5-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერის შემდგომ პერიოდში.
საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის დაცვისა და ეფექტური იმპლემენტაციის აღსრულების სიტემის მაღალი პროფესიული სტანდარტით ფუნქციონირება და ამ სისტემაში მომუშავე პირების სათანადო კვალიფიკაცია.
გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (ჩღჩ) რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია დღენაკლული ბავშვების დაბადების მაღალი მაჩვენებლით და მოუწოდებს საქართველოს, გამოყოს მეტი რესურსი ბავშვთა მუცლად ყოფნის პერიოდისა და დღენაკლული ბავშვების დაბადების პრობლემის მოსაგვარებლად", - აცხადებენ სახალხო დამცველია აპარატში.