შარშანდელთან შედარებით იანვარ-თებერვალში საგადასახადო შემოსავლები 7,1%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მან არასწორი უწოდა იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც იანვარ-თებერვალში საგადასახადო შემოსავლები არის შემცირებული. ფინანსთა მინისტრის თქმით, თებერვალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა 34 მილიონი ლარით არის გადაჭარბებული.
"ეს არის გუშინ საღამოს ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის განწერა არის სრულად გამოქვეყნებული და ბიზნესმა და იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ შეხება ძალიან კარგად იციან, რომ გადასახადების გადახდას თავისი კალენდარი აქვს. იანვარსა და თებერვალში ნაკლები გადასახადების გადახდა ხდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, მარტში უფრო მეტი გადასახადები შემოვა ქვეყანაში. ფინანსთა მინისტრის თქმით, ხარჯები არის თანაბრად გასაწევი და შესაბამისად, სწორად განწერა ითვალისწინებდა იმას, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო დაფინანსების სხვა კანონიერი, არსებული საშუალებები და ემისიური დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტს არ სჭირდება. ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტი არის შესრულებული და მომავლშიც შესრულდება.
რაც შეეხება დეფიციტს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტში დეფიციტი განსაზღვრულია, რომ წლის განმავლობაში უნდა იყოს 3%.
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს დეფიციტი თან უნდა გავანაწილოთ და ასევე ძალიან ვცდილობთ და შარშან და შარშანწინ უკვე გამოგვივიდა, რომ დეფიციტური ხარჯვა არ განვახორციელოთ წლის მეორე ნახევარსა და წლის ბოლოს. ჩვენ ბიუჯეტს განწერის შესაბამისად ვასრულებთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.