"პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის" შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, კახეთში საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო.
ამის შესახებ ლაგაზიძემ ფონდის რეგიონულ ხელმძღვანელ გიორგი მეგრელიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კახეთის რეგიონის განვითარების გეგმა არ არსებობს. ადგილობრივი მმართველობის მიერ სხვადასხვა პროექტებში უსისტემოდ გადანაწილებული და განკარგული თანხებიდან დღემდე არ არის გაცემული მუშების ხელფასები. სამაგიეროდ ლაგოდეხს და გურჯაანში ადმინისტრაციული კანონდარღვევით უშტატო მოხელეებზე გაცემულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს არამიზნობრივად განკარგული აქვს 3 მილიონ ლარზე მეტი ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტს 7 მილიონზე მეტი ლარი ესე იგი საქართველოში მხოლოდ ორ რაიონის მუნიციპალიტეტს არამიზნობრივად და დაუსაბუთებლად განკარგული აქვს 10 მილიონ ლარზე მეტი", - აღნიშნა ლაგაზიძემ.
გიორგი მეგრელიშვილის თქმით კი, სოფელ შაშიანში სპორტული დარბაზი აშენდა, რომლისთვისაც რეგიონების განვითარების ფონდიდან 225 000 ლარი გამოიყო. იმერლიშვილის მტკიცებით, თანხები გახარჯულია, დარბაზი დაუმთავრებელი და დასაქმებულებს დღემდე არ აუღიათ გაწეული სამუშაოსთვის კუთვნილი ხელფასები.
"სოფელ ზემო გურგენიანში სოფლის დახმარების პროგრამით უნდა მოწყობილიყო სარიტუალო ფარდული, რომელზეც 14.900 ლარი დაიხარჯა. პროექტი დაუსრულებელია, ე.წ სარიტუალო ფარდული მსხვილფეხა ცხოველების თავშესაფარს წარმოადგენს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკვერში დადგეს უპროპორციო ლოდის ქვა, რომელშიც გადაიხადეს 15.100 ლარი. ლოდის ღირებულებიდან გამომდინარე მის საჭიროებას დღეს მუნიციპალიტეტი ვერ ასაბუთებს", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.