ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს

ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს

ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ALDE ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს შემთხვევა სწრაფად უნდა გამოიძიოს. შესაბამისი განცხადება ალიანსის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესრელიზში მოყვანილია ევროპარლამენტში ALDE ჯგუფის ხელმძღვანელის, გი ვერჰოფშტადტის განცხადება, რომელიც პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

"მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს დეტალურ გამოძიებას, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცემიან", - აცხადებს ვერჰოფშტადტი.

თავის მხრივ, პარტიის პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი "თავისუფალ დემოკრატებს" მხარდაჭერას უცხადებს და ითხოვს, რომ გამოძიებას შედეგები სწრაფად მოჰყვეს.

"ეს არის ძალადობრივი დანაშაულებრივი თავდასხმა, რომელიც სათანადოდ უნდა დაისაჯოს", - მიიჩნევს ის.

ალიანსის წევრი, ევროდეპუტატი ჰავიერ ნარტი კი აცხადებს, რომ საქართველოში ძალაუფლება ერთი ბიზნესმენის ხელშია, რომლის მთავრობაც დაკომპლექტებულია მისი სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების ყოფილი წევრებით.

"ეს შეეფერება პოლიტიკურ პათოლოგიას. ბიზნესი და პოლიტიკა სრულად და მკაფიოდ უნდა იყოს დიფერენცირებული ერთმანეთისგან", – მიიჩნევს ჰავიერ ნარტი.