მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე იძულებით გადაადგილებულ პირებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკების შემდეგ ვითარება შედარებით განიმუხტა.
როგორც euronews.ge წერს, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან ლტოლვილმა 7 000-მდე პირმა საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე კიდევ ერთი ღამე გაათია.
შეტაკებისას პოლიციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ლტოლვილთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ საზღვრები უნდა გაიხსნას.
"ისეთ დიდ კონტინენტს, როგორიცაა ევროპა, სადაც ნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, შეუძლია მისცეს თავშესაფარი ერთ მილიონ სირიელს. არ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ბევრია. ეს ჩვენი მეზობელი რეგიონია," – განაცხადა მერკელმა.
ასევე, euronews.ge-ს ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დღეს ე.წ "ბალკანეთის დერეფნის" ქვეყნებში მიემგზავრება.
"ტუსკი შეეცდება ზეგავლენა მოახდინოს ავსტრიაზე, სლოვენიაზე, სერბეთსა და მაკედონიაზე და დაამშვიდოს საბერძნეთის მთავრობა, რომელიც ბრიუსელისგან კრიზისში აქტიურად ჩართვას მოითხოვს", - წერს სააგენტო.