ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე საჭიროა სწრაფი გამოძიება

ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე საჭიროა სწრაფი გამოძიება

ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა მოხდეს სწრაფი გამოძიება და წერტილის დასმა, მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა არ დარჩეს კითხვის ნიშნები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ალექსი პეტრიაშვილის თემაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის გამოძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან არ არის მისი კომპეტენცია, თუმცა შს მინისტრთან კომუნიკაციის შედეგად ის საქმის კურსშია, რომ გამოძიება აქტიურად მუშაობს.

"მე არ მაქვს ინფორმაცია გამოძიების შესახებ დეტალურად და ეს ბუნებრივია. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არ ვინტერესდები იმით, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის, ნამდვილად. არ მინდა ჩემი კოლეგები უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა ზუსტად ვიცი, მღებრიშვილთან რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია, რომ ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ. მთავარი ამ საქმეში, ჩემი აზრით, ორი რამ არის: რა თქმა უნდა, სწრაფი გამოძიება და სწრაფად წერტილის დასმა ამ თემაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი სწრაფი გამოძიება, რომელიც კითხვის ნიშნებს არ დატოვებს, ორივე ამოცანა თანაბრად უნდა იყოს დაკმაყოფილებული", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.