დავით სერგეენკო იან კელის შეხვდა

დავით სერგეენკო იან კელის შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს იან კელის შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელებული პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღდება გაამახვილეს ბიო-მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ მიღწევებზე. მათ შორის, გამოჰყვეს ერთიანი ლაბორატორული სისტემის შექმნის, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათაშორისი გარდამავალი პასუხისმგებლობების ხელშეკრულების საკითხები.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრეს. მნიშვნელოვან მიღწევებზე, გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოების ჭრილში, სამომავლო ხედვა წარმოადგინეს.

იან კელიმ ამერიკაში, დავით სერგეენკოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.

"ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრი ესტუმროს და მაღალი დონის შეხვედრები გამართოს აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თავდაცვითი საფრთხის შემცირების სააგენტოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრს პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდეს ნიუ-იორკში დაგეგმილ გაერო-ს შეხვედრების დროს. ველით, რომ ეს იქნება ძალზედ სასარგებლო და პროდუქტიული ვიზიტი", - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DთღA) და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლები.