"დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში, რელიგიურ დაპირისპირებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი, იან კელი ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
მისი თქმით, იგი ადიგენში მომხდარ კონკრეტულ ინციდენტს არ იცნობს, თუმცა მიაჩნია, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს.
"ერთს გეტყვით, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში, საითაც საქართველო მიდის და მსგავსი ინციდენტი დემოკრატიულ განვითარებას ვერ შეუწყობს ხელს, ეს არის ისეთი რამ, რაც არც მთავრობას და არც საზოგადოებას არ აწყობს", - განაცხადა ელჩმა.
დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ავრცელებს.
"ადგილობრივი მუსლიმი თემის განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30-მდე ადამიანი) სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ. კოლექტიური თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.