თეა წულუკიანი:   გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა

თეა წულუკიანი: გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა

გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეულის შერჩევის პროცესი.

რაც შეეხება იმას, რომ ხუთეულის ერთ-ერთი წევრის, ევა გოცირიძის კანდიდატურას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი, წულუკიანმა აღნიშნა, რომ გუშინდელი პროცესი იყო სამაგალითო და გამჭვირვალე.

"მე ძალიან მიხარია, რომ კომისიის წევრები კმაყოფილი არიან ამ პროცესით. ქულებთან დაკავშირებით ყველას გვაქვს უკმაყოფილება, ზოგს ეს კანდიდატი უფრო მოგვწონს, ზოგს ის, მაგრამ ერთსულოვნად დამტკიცდა 5 კანდიდატი, რომლის მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა ევა გოცირიძე.

ეს არის კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება და ამას უკვე ვერაფერი შეცვლის. მთავრობა რას იზამს, ეს მე არ ვიცი, ისიც არ ვიცი სტრასბურგი რას იზამს, ჩემი მისია არის ამოწურული. მე უნდა უზრუნველმეყო გამჭვირვალე პროცესი, ეს პროცესი უზრუნველყოფილია და ამით ჩემი მისია არის ამოწურული. მართალი გითხრათ, გამოგიტყდებით, მაქვს ვალმოხდილის განცდა", - განაცხადა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა. კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.