ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს

ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს

ბატონი გიორგი პაპუაშვილი ისე შეწუხდა გუშინდელი მარცხით, რომ უკვე მოლანდებები აქვს, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მის გარდა გიორგი პაპუაშვილს დაბალი ქულა კომისიის წევრების უმრავლესობამ დაუწერა. "მე მას დავუწერე დაბალი ქულა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მან მოიგონოს ახალ-ახალი ამბები და საზოგადოებას მოუყვეს ზღაპრები. ეს მისი უფლებაა. მე მესმის, რომ მას მალე უმთავრდება მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოში, მე მესმის, რომ მას ძალიან უნდა იყოს სტრასბურგში მოსამართლე, მაგრამ მე რომც არ დამეწერა მისთვის დაბალი ქულა, კომისიის ყველა წევრმა ერთის გამოკლებით მას დაუწერა ძალიან დაბალი ქულა", -განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, ჰქონდა თუ არა დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად ძვირადღირებული ბინა მიიღო და გარეთ დატოვა ორი თუ სამი არასრუწლოვანი ბავშვი. "მან თქვა, რომ დისკომფორტი მაინც და მაინც ვერ ექნებოდა. ასეთ ადამიანებს მე მაღალ ქულებს არ ვუწერ. თუ გაბრაზებულია მოიგონებს ზღაპრებს, ეს მისი უფლებაა", - განაცხადა წულუკიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იყო მთლიანად პოლიტიზებული.

"თვითონ კომისიის უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ისედაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ცნობილი არის კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ასევე ალერგიული დამოკიდებულება ჩემს მიმართაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების შემდგომ", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთეული შეირჩა. კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.