სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს

სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს

სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მოგერინი სომხეთში ხვალ გეგმავს ჩასვლას, მანამდე კი მან გამოცემა "მედიამაქსს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. "ევროკავშირი სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. კავშირები ჩვენს ხალხებს შორის უხსოვარი დროიდან არსებობს. ჩვენ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის საერთო ინტერესები გაგვაჩნია. ვიმედოვნებ, რომ ძლიერი კავშირები ევროკავშირსა და სომხეთს შორის სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თეირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უფრო უსაფრთხო რეგიონად აქცევს, რაც უფრო პოზიტიურ რეგიონულ დინამიკას გამოიწვევს.

"ირანის საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ეკონომიკაში სრული ინტეგრაცია არა მხოლოდ ირანისთვის იქნება სარგებლის მომტანი, არამედ მისი მეზობლებისთვისაც", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.