DFID-ს დაფინანსებით ახალი პროექტი გაზაფხულზე დაიწყება

DFID-ს დაფინანსებით ახალი პროექტი გაზაფხულზე დაიწყება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მსოფლიო ბანკისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაღალი რანგის პირებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრის თემა DFID-ის დაფინანსებით მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელების საკითხები იყო. აღნიშნული საერთაშორისო ინსტიტუციების ინიციატივით, შეიქმნა ახალი სატრასტო ფონდი "კარგი მმართველობისათვის" (Good Governance), რომლის დახმარებით პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია ხუთ ქვეყანაში - საქართველო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, სერბეთი და უკრაინა.

საქართველოში უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში განხორციელდება ექვს კომპონენტიანი პროექტი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და მოდერნიზებისათვის.

მისიის შემადგენლობაში იყვნენ მსოფლიო ბანკის სახელმწიფო მმართველობისა და საჯარო სექტორის მენეჯერი ადრიან ფოზარდი, მსოფლიო ბანკის სახელმწიფო სექტორის მართვის სპეციალისტი მედიჰა აგარი, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პირველი პოლიტიკური მდივანი ჯული რეინსი და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს კომერციული ოფიცერი ვატო ხავთასი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დიმიტრი გულისაშვილი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დღეს მოლაპარაკებათა ბოლო დასკვნითი რაუნდი გაიმართა. პროექტი გაზაფხულზე დაიწყება.