მმართველი უმრავლესობის ლიდერებს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ

მმართველი უმრავლესობის ლიდერებს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ

მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

საუბარია პოლიტსაბჭოზე, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და "რესპუბლიკელებსა" და "მრწეველებს" შორის გაჩენილი დაპირისპირების განხილვის მიზნით დაიგეგმა და დაანონსდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პოლისაბჭოს სხდომის გამართვის საჭიროება არ არსებობს და პოლიტსაბჭოს შეკრება ამ ეტაპზე აღარ იგეგმება. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი კი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის საჭიროებს ხედავს.

"ჩემი აზრით, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც დღეისთვის "რესპუბლიკელებისა" და "მრეწველების" კონფლიქტად მონათლულ საკითხთან დაკავშირებით გაგვაჩნია, კოალიციის პოლიტსაბჭოს მოწვევის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. ამაზე კომენტარები გუშინაც გაკეთდა. რაც შეეხება გოგი თოფაძის ცალკეულ გამონათქვამებს, ჩვენ ყოველთვის გვქონდა საშუალება ამაზე ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა. ჩვენ გავემიჯნეთ მის იმ გამონათქვამებს, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკას იწვევს. იქნება თუ არა აუცილებლობა იმისა, რომ საკითხი უფრო ღრმად განვიხილოთ, ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს - თუ გაგრძელდება ისე, როგორც Dდღეისთვის გრძელდება, ასეთ განხილვებს შეიძლება ავცდეთ, ხოლო თუკი ისევ გამოჩნდება რაღაც "მარგალიტები", მაშინ ამ საკითხების განხილვას გვერდს ვერ ავუვლით", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკის თქმით კი, გოგი თოფაძის განცხადებებმა ბევრი კი კითხვა გააჩინა, რომელსაც თოფაძემ პასუხი სწორედ პოლისაბჭოს სხდომაზე უნდა გასცეს.

"ეს ორ ფრაქციას შორის დაპირისპირების თემა არ არის. დაპირისპირება, არაერთიკური გამონათქვემებით, ცალკეულ ადამიანებს შორის გამოიხატება, რასაც მხარს არ ვუჭერ. რაც არ უნდა წინააღმდეგობა გქონდეს, კოლეგის მიმართ კორექტული უნდა იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს – გოგი თოფაძის განცხადებებმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ამ კითხვებს "მრეწველებმა" ან თუნდაც თვითონ ბატონმა გოგიმ პოლიტსაბჭოზე უნდა გასცეს პასუხი. იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება", - აცხადებს ვოლსკი.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა ხვალისთვის იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მმართველ უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, ხვალ ასეთი სხდომა არ გაიმართება.