საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების განხილვის პროცედურებს გადის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კობა გვენეტაძეს დღეს საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოუსმინეს და აღნიშნეს, რომ კანდიდატის მიმართ პოზიციას პლენარულ სხდომაზე განხილვამდე ჩამოაყალიბებენ.
კობა გვენეტაძის განცხადებით, მან ფრაქციას გააცნო საკუთარი ხედვები მონეტარულ პოლიტიკასთან, ლარიზაციის პროცესთან, ინფლაციასთან და იმ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ფრაქციის წევრებს აინტერესებდათ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი გიორგი ქადაგიძისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეერჩია და პარლამენტმა კანდიდატურა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს.
"ვერ ვხედავ პარლამენტის მხრიდან ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ბატონი კობას კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით. ეს ვერ იქნება გამართლებული არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. ცხადია, სრულად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური კონტექსტიც. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა, ახლა, ბუნებრივია, დროა მას კენჭი პლენარულ სესიაზეც უყარონ.
ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ იმ დროისთვის ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი შერჩეული, ვიდრე ბატონ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, რათა ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა მიეღო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ყველა წევრის ჩართვით. ახლა გიორგი ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ შვიდივე წევრის შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.