საქართველოსა და EFTA-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

საქართველოსა და EFTA-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი წარმატებით დასრულდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში გამართულ მინისტერიალზე ხელი მოეწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ქართული კომპანიებისთვის ევროპის კიდევ ოთხი ქვეყნის საჯარო შესყიდვების მრავალმილიარდიან ბაზარზე შეღწევადობა გახდება შესაძლებელი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გუნდი მოლაპარაკებებში პირველივე რაუნდიდან იყო ჩართული. შეხვედრებში სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, მოადგილე კახა დემეტრაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დიმიტრი გულისაშვილი მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ქართულ მხარეს EFTA-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟან ფარბერგმაც მიულოცა, რომელმაც მოლაპარაკებათა მოკლე დროში დასრულებისა და შეთანხმების შესახებ დოკუმენტის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. ჟან ფარბერგის განცხადებით, 27 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბერნში საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერება.