ჩემთვის სულ ერთია კრემლს დაგვამონებენ, თუ ბრიუსელს. მე მინდა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და შვილების ბედნიერი მომავალი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ის განათლების კომიტეტის სხდომას დაესწრო. კომიტეტში საგნის "მე და საზოგადოების" და მასთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამის შესახებ მსჯელობდნენ.
ლევან ვასაძე დარწმუნებულია, რომ საგანი არის დაკვეთილი, ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ.
"მეცოდება ჩვენი სამინისტრო, რადგან ორ ცეცხლს შუა არის. რასაც შეგვიძლია ჩვენ ვაკეთებთ, გაჩუმება არ შეგვვიძლია", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, სრულიად უმნიშვნელოა, რა წერია დღეს ვებსაიტზე, რადგან მას ხვალ ისევ შეცვლიან.
"რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს ეს პრიორიტეტები, ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ უკეთესი განათლება, მეტი მათემატიკა, ფიზიკა, უცხო ენა, ისტორია, იმისთვის რომ მათ კარგად ჩააბარონ უმაღლესში, იმისთვის, რომ ცხოვრებაში იყვნენ წარმატებულები. ეს საგნები მათ არაფრისთვის არ ამზადებს არც ერთ უმაღლესში ჩასაბარებლად, არც ერთი სახის პროფესიაში წარმატებისთვის. და ბოლოს, როდესაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე მორალური დიქტანტის ფუნქციებს, ის ხდება ტოტალიტარული", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, ეს პროცესი უკვე გავიარეთ კომუნიზმის, ფაშიზმის დროს და ახლა გავდივართ ლიბერალიზმის დროს. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ეს "იზმები მოგონილია ერთი და იმავე გეოგრაფიაში და მათი დაძალება ხდება ჩვენზე.
ლევან ვასაძის თქმით, სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ბავშვის ზნეობრივი აღზრდა, როგორც კი სახელმწიფო ამაში ერევა, აქ კარგი არაფერი ხდება. "ისტორიის ექსპერტი კი არ არის საჭირო, რომ ეს გესმოდეს, უბრალოდ, ორი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საგანს არ მიიღებენ. ჩემთვის სულ ერთია, კრემლს დაგვამონებენ თუ ბრიუსელს. მე მინდა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩემი შვილების ბედნიერი მომავალი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
იგი დარწმუნებულია, რომ ეს საგანი არის დაკვეთილი და მისთვის ეს არის სრულიად მიუღებელი.
"აბა რატომ ჩამოვიდოდი, რატომ გავიწვალებდი თავს. სხვა საქმე არ მაქვს მეტი? მოდით, ამაზე დავფიქრდეთ, ჩემი ღრმა რწმენით, სრულიად მიუღებელია. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს საშუალება ამაზე თავისუფლად ვისაუბროთ. ამაზე ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ის, რომ ჩვენი გაჩუმება უნდათ და მოსმენა არ უნდათ სხვადასხვა ძალებს, ეს მათივე დემოკრატიულობაზე მეტყველებს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.