პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავად პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნული საბჭოს ახალი წევრი გიორგი ქადაგიძისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეერჩია.

რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კობა გვენეტაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს, აბაშიშვილის განმარტებით, ამის ვარაუდისთვის "ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ვერ ხედავს".

"ვერ ვხედავ პარლამენტის მხრიდან ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ბატონი კობას კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით. ეს ვერ იქნება გამართლებული არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. ცხადია, სრულად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური კონტექსტიც. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა, ახლა, ბუნებრივია, დროა მას კენჭი პლენარულ სესიაზეც უყარონ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ იმ დროისთვის ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი შერჩეული, ვიდრე ბატონ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, რათა ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა მიეღო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ყველა წევრის ჩართვით. ახლა ბატონი ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ შვიდივე წევრის შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.