ახალი საგანი ხელს ხომ არ შეუწყობს, რომ მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების ნაცვლად, რობოტი ჩამოყალიბდეს?

ახალი საგანი ხელს ხომ არ შეუწყობს, რომ მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების ნაცვლად, რობოტი ჩამოყალიბდეს?

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო კიღურაძის აზრით, სჯობს, იმ თემებზე საუბარი, რაც საგანში "მე და საზოგადოება" არის ასახული, კლასგარეშე რეჟიმში იყოს საუბარი.

ამის შესახებ კიღურაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგნის სამუშაო ვერსიას განიხილავენ.

"რა მაწუხებს?! - ახალი საგანი შემოდის, რომელსაც "საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები" ჰქვია. საქმე მეცნიერების ერთ-ერთ დარგს ეხება. სად გაჩნდა და როგორ გაჩნდა ასეთი საგანი საქართველოში? როცა საზოგადოებრივ მეცნიერებებზე ვსაუბრობთ, თუკი მართლა მეცნირებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ასეთი სტანდარტების შედგენაში მაღალი კლასის მეცნიერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ვინ მიიღო? - ამის შესახებ პასუხი ვერ მივიღე. დიდი სიამოვნებით უშუალოდ ავტორებთან ვითანამშრომლებდი, რადგან ზოგიერთი კითხვა ჩემთვის შემზარავია. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ იმ სფეროში ვიჭრებით, სადაც არ უნდა შევიჭრათ? - ბავშვისა და ოჯახის ურთიერთობაში. კვებასა და ჰიგიენას ბავშვი არ აწესრიგებს. ამას მშობლები აწესრიგებენ. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, მესამე კლასის ბავშვისთვის ბავშვის უფლებებზე საუბარი?" - განაცხადა კიღურაძემ.

მისივე თქმით, საგანში საუბარია იმის თაობაზე, როგორ უნდა აიღოს ბავშვმა ინტერვიუ მშობლისგან, როგორ შექმნას პლაკატი და როგორ უნდა დაწეროს მოთხობა და ესსე.

"მითხარით, რამდენი მასწავლებელი გყავთ, რომელმაც იცის, ესსე რა არის?! თავის დროზე, 50-იან წლებში, ამბავი ატყდა, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ საქართველოში ესსე-ს ჟანრი მან შემოიტანა. მას ოთარ ჯინორიამ რა უპასუხა, მახსოვს. გაშლილ გეგმას თუ წაიკითხავთ, იმდენი ესსე და მოთხრობა უნდა დაიწეროს, რამდენიც საქართველოში არ დაწერილა. როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობის მქონე ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთი ხომ არ იქნება? - ეს მოუხელთებელი რაღაცაა. ეს ხომ ერთმა მასწავლებელმა უნდა ასწავლოს? - ეს ერთი მასწავლებელი კარგი იურისტიც უნდა იყოს, რომ უფლებებზე ისაუბროს, ხელოვნებათმცოდნეც, რეჟისორიც, ჟურნალისტიც უნდა იყოს ისევე როგორც ლიტერატორი. სად გვყავს, ასეთი მასწავლებლები და გადამზადება, როგორ მოხდება? ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ილუზიას ხომ არ შევუქმნით ბავშვებს, რომ მათ რაღაცას ვასწავლით და სინამდვილეში არაფერს ვასწავლით? - კითხვებს რომ წაიკითხავთ, ეს სიყალბე ამოტივტივდება. როგორ მოხერხდება სკოლაში, რომ ბავშვს ისტორიული კანონზომიერების უნარი გამოვუმუშაოთ? - ნეტა, ასეთი ორი-სამი ისტორიკოსი გვყავდეს, რომელსაც ისტორიული კანონზომიერების დადგენა შეუძლია. ეს გენიოსების ხვედრია. აპირებთ თუ არა გაგრძელებას ამის დახვეწაზე და რამდენად მიზანშეწონილია, ასეთი საკითხის შემოღება? ხომ არ აჯობებდა, რომ ასეთ საკითხებზე კლასგარეშე მუშაობა იყოს? ნამეტანი მიჭირს მესამე კლასელი ბავშვის წარმოდგენა, რომელიც ლაპარაკობს ოჯახში რა რაოდენობის ყველი უნდა დახარჯოს, რამდენი პური... ეს ხომ არ შეუწყობს ხელს, რომ მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების ნაცვლად, რობოტი ჩამოყალიბდეს?"- განაცხადა ივანე კიღურაძემ.