ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში პარტნიორობა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ესპანეთის სამეფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი - თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.