თბილისის მერიამ შესაძლოა газ-ის მარკის ავტობუსები შემოიყვანოს

თბილისის მერიამ შესაძლოა газ-ის მარკის ავტობუსები შემოიყვანოს

თბილისის მერიამ შესაძლოა "газ-ის" მარკის ავტობუსები შემოიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს არსებული ყველა ფაქტორი მიუთითებს იმას, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქი რუსულმა კომპანიამ უზრუნველყოს.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" განცხადებით, რუსული კომპანია GazGroup ღიად თანამშრომლობს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და აღიარებს მის დამოუკიდებლობას, ამავდროულად მისი ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში გახდა კომპანია "სტრადა გრუპი" რომელიც საქართველოში ტენდერებში მონაწილეობაზე ღიად საუბრობს.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ საქართველოში რუსული კომპანია GazGroup-ის გამოჩენა იყო სრულიად მიუღებელი. რუსული კომპანია ღიად თანამშრომლობს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ვინაიდან მის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთი მოხსენიებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამონათვალში. ამავე დროს კომპანია GazGroup-ის რამოდენიმე ოფისი (ფილიალი) ფუნქციონირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. GazGroup-ის ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში კი გახდა კომპანია "სტრადა გრუპი," რომელიც ამ გადაწყვეტილებით ეწევა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას.

GazGroup-ის პრეზენტაციას, ფილარმონიაში დაესწრნენ ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე, რომელიც პირველი უნდა შეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ ფაქტს. ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვთქვამდით ეჭვს, რომ GazGroup-ის დანაშაულებრივად შემოყვანის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები ფარულად გეგმავდნენ "გაზელის" მარკის ავტომობილების შეძენას. გასულ წელს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა შეიძინა ათეულობით "გაზელი," რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. ახალი ავტომობილების პრეზენტაციაზე პირადად იმყოფებოდა დავით ნარმანია, მაგრამ რუსული წარმოების ავტომობილების შესახებ არც არაფერი თქმულა. ქალაქის მერმა სცადა ინფორმაციის დამალვა. GazGroup-ს სერიოზული გეგმები აქვს სამომავლოდ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემდეგი ეტაპი იქნება სამაშველო და სახანძრო სამსახურებისთვის "გაზელების" შესყიდვა, ვინაიდან რუსული კომპანიის ბიზნესის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს სპეც-ავტომობილები.

სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს GazGroup-ის დისტრიბუტორი კომპანია "სტრადა აუტოს" დირექტორი დავით ზაუტაშვილიც და ის არ გამორიცხავს, რომ "газ-ის" ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც ჯერ არ არის ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, კომპანია სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობს და შესაძლოა თბილისის ავტოპარკის განახლების ტენდერითაც დაინტერესდეს, ვინაიდან რუსული "газ-ის" წარმოების ავტობუსები დედაქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს შეესაბამება. ასე, რომ სრულიადაც არ იქნება გასაკვირი, რომ დედაქალაქელებმა მალე "газ-ის" ავტობუსებით იმგზავრონ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში" მიიჩნევენ, რომ გაზელის ავტომობილები წარმოადგენენ ძალიან დაბალი კლასის ავტომობილებს, ამიტომ კომპანიის მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, არის სიცრუე.

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ასეთი დაბალი ხარისხის პროდუქციით საგანგებო-სამაშველო სამსახურების აღჭურვას, ვინაიდან ეს შეიძლება გახდეს ფატალური შედეგების მიზეზი.

მოვითხოვთ: 1.აეკრძალოს ბიზნეს საქმიანობა GazGroup-ს საქართველოში, ვინაიდან ის არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს. 2. შესწავლილ იქნას, რა სამართლებრივი საფუძვლით გახდა "სტრადა აუტო" რუსული კომპანიის წარმომადგენელი. 3. სამართლადამცავმა ორგანოებმა შეიწავლონ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვის პროცესის კანონიერება. 4.ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააკეთონ საჯარო განმარტება, აღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივი ფაქტის შესახებ", - ნათქვამია "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.