კანდიდატურების წარდგენა დღევანდელ სხდომაზე ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ებანოიძემ განუცხადა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გიორგი ებანოიძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის კანდიდატად წარადგინა.
როგორც ებანოიძემ აღნიშნა, კონკრეტულად არ იცოდა დღევანდელ სხდომაზე მოხდებოდა თუU არა ამ საკითხის დაყენება, თუმცა იცოდა, რომ ეს საბჭოს უახლოეს სხდომაზე იგეგმებოდა.
"ჩემთვის ცნობილი იყო, რომ უახლოეს პერიოდში უნდა მომხდარიყო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა. წინასწარ იყო კომუნიკაცია საბჭოს წევრების მხრიდან, მე გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ არ არის პრობლემა არც ერთ კოლეგიაში მუშაობა. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე წლების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლე ვიყავი, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელობა ჩემთვის პრობლემა არ იქნება", - განაცხადა ებანოიძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელი გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.
გარდა ამისა, ლევან მურუსიძემ დაასახელა საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატებიც.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა განაცხადა, საკითხი დღის წესრიგში არ იყო და მისი განხილვა სპონტანურად ხდება. ამის გამო მან საკითხის პარასკევამდე გადადება მოითხოვა. საბჭომ მხარი დაუჭირა მის პოზიციას და კანდიდატების არჩევის და კენჭისყრის საკითხი 4 მარტისთვის გადაიდო.
გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კომენტარის გარეშე დატოვა.