მივიღეთ სრული გარანტია, რომ ესპანეთი იქნება არათუ მხარდამჭერი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების, არამედ იგი იქნება ევროკავშირის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან დაახლოვებას უჭერს მხარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ შეხვედრიდან ძალიან კარგი განწყობით გამოვიდა.
"კიდევ ერთხელ გამოიხატა ესპანეთის მხრიდან ძალიან სერიოზული მზაობა პარტნიორობისთვის ყველა საკითხებში, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია იმისა, რომ ესპანეთი იქნება არათუ მხარდამჭერი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების, არამედ იგი იქნება ევროკავშირის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, რომელიც ზოგადად, საქართველოს ევროპასთან დაახლოვებას უჭერს მხარს. ესპანეთი, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ასევე სერიოზულ როლს ასრულებს ნატო-ს ეგიდით მისაღებ გადაწყვეტილებებში. რაც მთავარია, ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე, ჩვენ ძალიან ღრმად ვისაუბრეთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების დონეზე მეტი ინვესტიციების მოსაზიდად, მეტი ორმხრივად საინტერესო ბიზნესპროექტების განსახორციელებლად, კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს და ეს იდეები ძალიან მალე დაგვირგვინდება.
"ჩვენ ვისუბრეთ იმაზეც, რომ ესპანელებიც, ქართველებიც ვართ ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის წარმომადგენლები. ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ შემდეგ ეს შრომა შევირგოთ კარგ დასვენებაში, კარგად დროის გატარებაში. ესპანეთი ამ თვალსაზრისით გამოირჩევა. ესპანეთსა და საქართველოს ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, არა მხოლოდ ისტორიული დასახელებები - იბერია და ა.შ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოვა დრო, როდესაც ქართველები ისე ვითამაშებთ ფეხბურთს, როგორც ესპანელები თანამშობენ და ჩვენ დავამშვიდეთ ესპანელები და ვუთხარით, რომ მოვა დრო, ისინიც ისე ითამაშებენ რაგბის, როგორც ქართველები თამაშობენ დღეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.