პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები სამსახურებრივი მანქანით არ სარგებლობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა პირველივე დღიდან უარი თქვა მისი ოჯახის წევრებისთვის სამსახურებრივი ავტომობილის მომსახურებასთან დაკავშირებით.
"შეიძლება პრემიერ-მინისტრი ამას არ აფიშირებს, მაგრამ შეგიძლიათ დააკვირდეთ მის მეუღლეს, მისი ოჯახის წევრებს - არცერთს არ ემსახურება სამსახურებრივი მანქანა. ამის უფლება აქვს, მაგრამ, რეალურად, მან ამ უფლების გამოყენებაზე უარი თქვა. მე ძალიან მომეწონა მისი სამუშაო ფორმატში გამოთქმული მოსაზრება. იქნებ ვიფიქროთ მმართველობითი ხარჯების მაქსიმალურად შემცირებაზე", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ემსახურებოდეთ სამსახურებრივი მანქანა.
"ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ მმართველობითი ხარჯები არა მარტო შავი მანქანების ნაწილში, არამედ ბევრ სხვა ნაწილშიც შევამციროთ. მე ვისარგებლე შემთხვევით და გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს დავსვი პრემიების შეზღუდვის საკითხი, რადგან ეს საკითხი იყო და რჩება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ერთ-ერთ მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად", - განაცხადა ქუცნაშვილმა.